მარნეულში მზის სათბურები მოეწყობა

2015.11.27  |  08:09
მარნეულში მზის სათბურები მოეწყობა

მარნეულში სადემონსტრაციო სათბურების მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. სათბურები 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა და ტერიტორიაზე მზის სათბურების, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  აშენდება.

მოეწყობა ორი ტიპის სადემონსტრაციო ფართობი ბოსტნეულის წარმოებისათვის. ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები  ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ ტრენინგებს  ჩინეთში გაივლიან. პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მეირ და მისი ჯამური ღირებულება  20 მილიონ იუანს (RMB) შეადგენს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას თქმით, პროექტი  საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

„ეს არის მორიგი გრანტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.   ჩინური მხარე  3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურს  სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებაც ექნება. აქ მოხდება ფერმერების გადამზადება, ჩატარდება ტრენინგები,  რათა ეს ახალი ტექნოლოგიები  მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგოს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან  პროექტის ფარგლებში ბევრ საკითხში გვიჭერს მხარს. მოხარული ვარ, რომ ადგილზე გავეცანი პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩინეთის მთავრობას აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულების მოლოდინი აქვს.  გვსურს ქართველ ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ  ცოდნის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიებით ბოსტნეული კულტურების მოყვანის შესწავლის კუთხით“, –  აღნიშნა  ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის კოორდინატორმა, სენ ჰოუმ.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის 2014 წლის 15 იანვარს  გაფორმებული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.