გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესები ამოქმედდა

2015.11.03  |  09:08
გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესები ამოქმედდა

2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“.

ყველა შემსყიდველმა ორგანიზაციამ, რომელსაც სურს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება. გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სპეციალური მოდულის გამოყენებით.

 

ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა უნდა იყოს დასაბუთებული. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა შემოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულ იქნება სისტემის SMP მოდულში.

 

სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.

 

გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ აქვს უფლება, გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, ზემოხსენებული ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შესყიდვის განხორციელებისას.

 

ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელი იქნება გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელება. შემსყიდველ ორგანიზაციათა ამგვარი შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები (ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები). იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში, თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ტვირთავს დადებულ ხელშეკრულებას სისტემის CMR მოდულში და უთითებს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას.

 

გარდა ამისა, ამ წესის თანახმად, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელი იქნება რეისკურანტის საფუძველზე, - „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების №4 დანართით განსაზღვრულ ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით.

 

პრეისკურანტის ჯამური ღირებულება და პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.