„თავისუფალი საქართველო“ წალკის პოლიციის ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს

2015.10.23  |  09:41
„თავისუფალი საქართველო“ წალკის პოლიციის ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ მივმართავს შინაგან საქმეთა სამინიტსროს და მთავარ პროკურატურას დაიწყოს ძიება ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთის და პოლიტიკური დევნის ფაქტზე და პატიმრობაში აიყვანონ წალკის პოლიციის ხელმძღვანელები. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

პარტიის ინფორმაციით, წალკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ გოგიტიძეს, პოლიციამ 22 ოქტომბერს, დილის საათებში სკოლაში მიაკითხა, სადაც ის მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ის ამ დროისათვის სკოლიდან გამოსული იყო. ზურაბ გოგიტიძე მოგვიანებით, 14:00 საათზე თანმხლებ ორ პირთან ერთად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში.

 

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, გოგიტიძეს ზეპირად ბრალი დასდეს ნარკოტიკულ დანაშაულში, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, არ ჩაუტარებიათ შემოწმება, არ შუდგენიათ დაკავების ოქმი. პარტიის ინფორმაციით, გოგიტიძეს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახთან დაკავშირების საშუალება და 20:20 საათზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

 

„თავისუფალ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ რეალურად გოგიტიძე დააკავეს 22 ოქტომბერს წალკაში დაგეგმილ ეკომიგრანტების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები.

 

„აღნიშნული უკანონო დაკავება წარმოადგენს ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას და სააკაშვილის რეჟიმის ტრადიციების გაგრძელებას. სამწუხაროდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს გამონაკლისს, 2015 წელს კახა კუკავა და „თავისუფალი საქართველოს“ სხვა ლიდერები არაერთხელ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ დაადგინა, რომ მათ ქმედებაში არ არსებობდა არანაირი დარღვევის შემადგენლობა.

 

მივმართავთ შსს და მთავარ პროკურატურას დაიწყოს ძიება ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთის და პოლიტიკური დევნის ფაქტზე და პატიმრობაში აიყვანონ წალკის პოლიციის ხელმძღვანელები.

 

მოვუწოდებთ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ ზედამხედველობა ძიების პროცესზე“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.