10 ოქტომბერს რუსთავქალაქობა გაიმართება

2015.10.09  |  14:44
10 ოქტომბერს რუსთავქალაქობა გაიმართება

10 ოქტომბერს „რუსთავქალაქობა 2015“ -ს აღნიშნავენ. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა რუსთაველი მხატვრების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების, ასევე ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. საკონცერტო ნომრები კი ორ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. მერიის შენობის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე, სპორტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა; კოსტავას გამზირზე, ქართულ ნაციონალურ კერძებს წარმოადგენენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

11:00 საათზე რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა ოფიციალური პირები, რუსთავის დამეგობრებული ქალაქების: პლოცკის, პანეჟევიცის და აკმენეს დელეგაციებს რუსთავის საკრებულოს დარბაზში შეხვდებიან. ქალაქის დღესასწაულს, უცხოელი სტუმრების გარდა, საქართველოს მთავრობის და ქვეყნის პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

 

„რუსთავქალაქობა 2015“ ოფიციალურად, 12:00 საათისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნება. დღესასწაულის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, მცირე სცენაზე საბავშვო კონცერტი დაიწყება.

 

14:00 საათზე, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორს, ღონისძიებით - „საშემოდგომო აღლუმი“ წარმოადგენენ.

 

16:00 საათიდან, საკონცერტო ნომრებით დატვირთული იქნება მოედანზე განთავსებული ორივე სცენა. კონცერტს რუსთაველი შემსრულებლები დაიწყებენ, რის შემდეგაც, სცენას „ქართული ხმების“ კვარტეტი დაიკავებს.

 

16:30 საათზე, მთავარ სცენაზე საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. მოგვიანებით, კონცერტს სოფო ბედია, აჩი ნიჟარაძე, ანსამბლები „თუთარჩელა“, „მე რუსთველი“, „სალხინო“ და „ფიროსმანი“, ასევე სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები გააგრძელებენ.

 

20:00 საათიდან, ცენტრალურ სცენას ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ დაიკავებენ. ნინო ქათამაძე ორსაათიანი პროგრამით წარსდგება რუსთავქალაქობაზე მოსული სტუმრების წინაშე.

 

22:00 საათზე, „რუსთავქალაქობა 2015“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. წელს, რუსთავი „რუსთავქალაქობას“ მეთხუთმეტედ აღნიშნავს