გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

2015.09.18  |  06:33
გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, გვიან საღამოს მიიღო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

 

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქალაქო სასამართლომ.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

„სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს“,- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც „ტელეიმედისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე მორიგი პროცესი დღეს გაიმართება.