დმანისის რაიონში I-IV საუკუნის ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს [Photos]

2015.07.19  |  12:08
დმანისის რაიონში I-IV საუკუნის ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს [Photos]

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადთან და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს. სამაროვნებს, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს.

 

ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი. 

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი.

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან.