პატიმრები დაწესებულებებში საშიშროების რისკის მიხედვით მოთავსდებიან

2015.07.10  |  17:28
პატიმრები დაწესებულებებში საშიშროების რისკის მიხედვით მოთავსდებიან

სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი დამტკიცდა. პატიმრები 4 სახის საშიშროების რისკის მიხედვით შეირჩევიან - დაბალი, საშუალო, მომატებული და მაღალი. ამ კატეგორიას მათ მულტიდისციპლინური ჯგუფი, შეფასების შემდეგ მიანიჭებს. უწყების ცნობით, შერჩევის მთავრი კრიტერიუმი დისციპლინა და დანაშაულის სიმძიმეა.


სამინისტროს განცხადებით, მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.



მსჯავრდებულები დაწესებულებებში შემდეგი წესის მიხედვით გადანაწილდებიან: საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.



ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.