ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას გადასცემს

2015.05.11  |  17:12
ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას გადასცემს

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს 10 760 000 აშშ დოლარის ღირებულების 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას გადასცემს. ორ ქვეყანას შორის ერთობლივ სამოქმედო გეგმას ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჰან ჩანგფუმ მოაწერეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხელმოწერით საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.  

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვანად იზრდა. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო კავშირები, ასევე, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურისგანვითარებისა და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ჩინეთს შორის  ურთიერთოებების გაღრმავების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ქართული ღვინის და ჩაის კულტურის წარმოების განვითარებაა.

 

„ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი არა მარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობა. ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან გამოგადგებათ. თქვენ უკვე გაქვთ სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტიაა“, - განაცხადა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანაა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში  66,4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტის „ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში“ ფარგლებში მარნეულში 30-ზე მეტი სათბური აშენდება. პროექტის ფარგლებში ჩინეთის მხარე უზრუნველყოფს საირიგაციო-სამელიორაციო მანქანა-დანადგარების მოწოდებას, რომლის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჰან ჩანგფუმ ალავრდის სამონასტრო კომლექსი, ალავერდის ღვინის მარანი და საფუტკრე მეურნეობა, ასევე, წინანდალში 100 წლიანი ვაზი და ყვარელში ტურისტული კომპლექსი „გვირაბი“  დაათვალიერა.