სამინისტრო - მდინარე მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold სამუშაოებს

2015.02.06  |  19:11
სამინისტრო - მდინარე მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold სამუშაოებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold მიერ წიაღით სარგებლობის სამუშაოებს. 

სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლეს, რის შედეგადაც დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფელ კიანეთამდე მონაკვეთში შესამჩნევი წყალმცირობა დაფიქსირდა. წყლის ხარჯი დაბა კაზრეთთან შეადგენდა 0,5 მ3/წმ.

 

ასევე დადგინდა, რომ ჰიდრონაგებობიდან მდინარეში ჩამდინარე წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 80%) გადაგდებული იყო მცირე ჰესის ასამუშავებლად კაზრეთის სარწყავი სისტემის წყალგამყოფი კვანძიდან გამომავალი დიუკერის მეშვეობით. მდინარე მაშავერადან წყალაღებას ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ და ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მცირე ჰესს.

 

 ჰიდროელქტროსადგურისათვის წყლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი რეჟიმების მიხედვით.

 

ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით.