მანქანის ფანჯრიდან ნარჩენების გადაყრისთვის 15 იანვრიდან 120 ლარით დაგაჯარიმებენ

2015.01.12  |  12:52
მანქანის ფანჯრიდან ნარჩენების გადაყრისთვის 15 იანვრიდან 120 ლარით დაგაჯარიმებენ

2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი – „ნარჩენების მართვის კოდექსი“. კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა. საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი.

 

საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის დაუდგენელ ადგილზე ან დაუდგენელი წესით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს აღსრულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ევალება.