გარემოს დაცვის სამინისტრო ნაძვის ხეების ჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

2014.12.15  |  18:26
გარემოს დაცვის სამინისტრო ნაძვის ხეების ჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. ხის უკანონო ჭრა დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთას.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

 

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში - ცნობა, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტი.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას სართიჭალის სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილ ნაძვის ხეებს სთავაზობს. ასევე, სამინისტროსა და საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ერთობლივი პროექტის - „ნუ მოჭრი ნაძვს“ აქციის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს, საშუალება აქვთ შეიძინონ უნიკალაური ჯიშის ცოცხალი ნაძვის ხეები. ქოთნის ნაძვის ხეები - 20 ლარად გაიყიდება. რეალიზაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მოხდება.