მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

2014.10.20  |  13:16
მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ეკოლოგიურ და სანიტარულ პრობლემებს უქმნიდა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელი მართვაში „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ გადაეცა, ჩატარდა კვლევა, შემუშავდა პოლიგონის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო აქტიური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

 

ნაგავსაყრელის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობა კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მოგვიანებით მათ ის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც 2015-2018 წლებში მარნეულის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს.