8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა

2014.04.07  |  18:47
8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა

8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. 1971 წლის 8 აპრილს ლონდონში გამართულ ბოშების პირველ საერთაშორისო კონგრესზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა, ეროვნული ჰიმნიდა თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.

2012 წლის 8 აპრილს აშშ სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „დღეს ბოშები ადამინის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ბოშათა უმცირესობების დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოშათა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობები. ბოშები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, იმსახურებენ უკეთეს და ნათელ მომავალს“.

 

ევროპაში დაახლოებით, 10-დან 12 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს.

 

სხვადასხვა მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 1500-დან 2500-მდე ბოშა ცხოვრობს. თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტი უნდა იყოს. მაგრამ ბოშათა ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათი ზუსტი აღრიცხვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბოშათა ნაწილი კომპაქტურად არის დასახლებული კახეთში, თბილისში, ქობულეთში, ახალქალაქში, ქუთაისსა და გარდაბანში.

 

საქართველოში მცხოვრები ბოშების დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა. ბოშების წინაშე მრავალი სირთულე დგას განათლების მიღების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ცხოვრების ყველა სფეროებში. საქართველოში მცხოვრები ბოშების უდიდეს ნაწილს მცირე წარმოდგენაც კი არ აქვს საკუთარი უფლებების შესახებ.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ბოშები ძირითადად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი უმცირესი ნაწილი იღებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ სოციალურ შემწეობას. სხვა ოჯახების შემოსავლის ძირითად ნაწილს წვრილი ვაჭრობა, მკითხაობა და სხვადასხვა კერძო პირების მიერ მათთვის გაწეული დახმარება წარმოადგენს. ისინი არ არინ დასაქმებული არც კერძო და არც სახელმწიფო უწყებებში. ჯერჯერობით არ არსებობს პრეცედენტი, რომ ბოშათა თემის წარმომადგენელს რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ემუშაოს.ავადმყოფობის შემთხვევაში ისინი ძალზე იშვიათად ან უკიდურესად მძიმე მდომარეობის დროს სარგებლობენ ექიმის მომსახურებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოშები ძირითადად საკუთარ სახლებში მშობიარობენ, რაც ტრადიციის, მწირი შემოსავლებისა და გარეშე პირთა მიმართ უნდობლობით აიხსნება. ბოშების დიდ ნაწილს არ აქვს პენსია და სხვა სახის სოციალური დახმარება.

 

ბოშებს არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ და ცდილობენ თავი აარიდონ მათთან ყოველგვარ კონტაქტს. ბოშათა ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ეს მათი ინტეგრაციისთვის არ არის საკმარისი.

 

ბოშა ბავშვების დიდი ნაწილი არ დადის სკოლაში. შეხვედრების დროს ბოშები აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ სკოლაში სწავლისა და წერა-კითხვის შესწავლის სურვილი, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტების არარსებობა, სასწავლო მასალების სიძვირე და რთული სოციალური პირობები განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს.

 

ბოშების მიმართ მრავალი ნეგატიური დამოკიდებულება და სტერეოტიპია გავრცელებული. დაბალია მათ მიმართ ნდობა და კეთილგანწყობა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ დღემდე ბოშათა თემის მხარდაჭერაზე ორიენტირებული არცერთი პროგრამა არ განხორციელებულა.