ბოლნისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

2015.03.27  |  12:53
ბოლნისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბოლნისში FM 107.3 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიას განცხადებით შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა“ მიმართა. რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარით განისაზღვრა.

 

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღება 2015 წლის 27 აპრილის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 30 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და გამოქვეყნდება. იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ რომელიმე კონკურსანტს დოკუმენტაცია სრულყოფილად არ აქვს წარმოდგენილი, განისაზღვრება დამატებით ხუთდღიანი ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.

 

კონკურსანტების ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩაინიშნა, უშუალოდ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად საკონკურსო სხდომა 2015 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.