ისინი დგანან კაზრეთში

2014.02.26  |  11:13 თამარა მირიანაშვილი http://litterator.wordpress.com/
ისინი დგანან კაზრეთში

შეუსაბამო სამუშაო პირობები, ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა, დაბალი ხელფასები, 180 თანამშრომლის განთავისუფლება, უმოქმედო და უუნარო დაზღვევა, დაგვიანებული ხელფასები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა რის გამოც აგერ უკვე ათი დღეა რაც კაზრეთში საბადოზე დასაქმებული ადამიანები გაიფიცნენ.

ვიდრე კაზრეთში წავიდოდით, ინფორმაციის მოძიება ვცადე , მაგრამ შეიძლება ერთი-ორი რეგიონული ვებგვერდის და ფეისბუქის გარდა ვერაფერს მივაგენი.

700-ზე მეტი ადამიანი გაიფიცა

ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან

ოთხი დღეა რამდენიმე მონაწილე შიმშილობს

ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა

 

და არავინ ყურს არ იბერტყავს, ისე თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდეს.

 

ეს დღეებია გაფიცულებს პედაგოგები და სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ყოველ დილას სკოლასთან იკრიბებიან და შემდეგ მიდიან გაფიცვის ადგილას. ჩვენც თბილისიდან გამთენიისას გავედით რომ დილის ცხრა საათისთვის იქ ვყოფილიყავით და ეს ყველაფერი ჩვენც გვენახა.

 

“იცით რა არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი? როდესაც იმ ადგილას ვუახლოვდებით და სკოლის მოსწავლეები ვუერთდებით გაფიცულ მუშებს” – მეუბნება ჩვენი გზამკვლევი
დაბა კაზრეთში მცხოვრები ოჯახების ძირითად საარსებო არტერიას და დასაქმების ადგილს სწორედ ოქროს საბადო წარმოადგენს, შესაბამისად უმუშევრად დარჩენილ და ასევე გაფიცულ მუშებს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უცხადებენ მხარდაჭერას, რასაკვირველია მათი ოჯახის წევრების ჩათვლით.

 

სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით კი უფროსკლასელები ძალიან აქტიურად ეხმარებიან გაფიცულებს, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი როდესაც კაზრეთში ჩასულს გიდად მეთორმეტე კლასის მოსწავლე დამხვდა. სწორედ ის და მისი თანაკლასელები აქტიურობდნენ ფეისბუქზე, იღებენ ფოტოებს აქციაზე, ავრცელებენ ქსელში და ჟურნალისტებისგან დავიწყებულნი ასე ცდილობენ კაზრეთს მიღმა გაავრცელონ გაფიცვის ამბები.
გასაშუქებლად მივა ვინმე თუ არ მივა, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი დგანან, შემაღლებულ გორაკებზე გადანაწილებულები, შემორჩენილ საბადოელებს ყოველ დილით სტვენით და ყიჟინით აცილებენ სამსახურში, ყველა კეთილმოსურნეს და მხარდამჭერს კი ტაშით და ოვაციებით ხვდებიან.

 

თქვენ რომელი ტელევიზიიდან ხართ? მეკითხებიან, ტელევიზიიდან არ ვარ, ვპასუხობ, აბა გაზეთიდან? არა, მე ბლოგი მაქვს და ვუხსნი რა არის ბლოგი, ზოგმა იცის, ზოგმა არა, ვეუბნები რომ ფეისბუქზეც დავდებ ფოტოებს. უხარიათ. უხარიათ რომ ვიღაც სადღაც მაინც იტყვის ერთ-ორ სიტყვას მათი მდგომარეობის შესახებ.

 

მდგომარეობა კი მძიმეა. საცოდავი, არაფრის მაქნისი 5 ლარიანი დაზღვევა, დაბალი ან დაგვიანებული ხელფასები, შეუსრულებელი ვალდებულებები ოჯახში, ბანკთან, მაღაზიებში და ა.შ.

 

“ყოველ წელს ეკუთვნით ერთი ხელი სპეც. ტანსაცმელი, არ აძლევენ; იმ პირობებში სადაც მუშაობენ სამუშაო ფეხსაცმელი მალე ფუჭდება, ცვდება.” – მეუბნება ერთ-ერთი მათგანი.

 

“კვლავ მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობენ, იყენებენ ციანიდს, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის” – მეუბნება მეორე

 

კაზრეთში მომუშავე ორი კომპანია შპს “RMG GOLD” (რომელიც საყდრისის საქმეშიც ფიგურირებს) და შპს “RMG Copper”, სხვადასხვა კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა . 2014 წლის თებერვლის მონაცემებით ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი, რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვია, ხოლო 85% წილს კი რაღაც ჰოლანდიური კომპანია ფლობს. ეს ისე ფურცელზე ალბათ. როგორც ამბობენ სინამდვილეში მთლიანად რუსულ კომპანიებს ეკუთვნით.

 

ნაყოფია კი, ამავე რაიონის მაჟორიტარი და თავის დროზე საბადოს გამყიდველი სათოფეზეც არ ეკარება აქაურობას. ისევე როგორც ბევრი სხვა პასუხისმგებელი პირი. კოჰაბიტაცია ნაკერზე რომ არ შემოერღვეთ, ფრთხილობენ ალბათ.