ეკა ბესელიას – თქვენ არღვევთ ჟურნალისტის უფლებებს! (რედაქტორის სვეტი)

2013.04.26  |  18:05 გელა მთივლიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრის tspress.ge–ს რედაქტორს ელისო ჯანაშიას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. ბესელიას ამ დრომდე არ მიუმართავს პროკურატურისთვის, არ გამოუქვეყნებია დანაშაულის დამადასტურებელი ერთი უტყუარი მტკიცებულება მაინც და ამის მიუხედავად, ჯიუტად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ელისო ჯანაშია ფულის გამომძალველია და მასზე კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება.

დეპუტატი ბესელია თავისი განცხადებებით გასცდა გამოხატვის თავისუფლებას, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სირცხვილია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ამგვარი ქმედებები, მუქარა, ზეწოლა, შანტაჟი...

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცდილობს ელისო ჯანაშიაზე და მთლიანად tspress.ge–ზე, ზეწოლა განახორციელოს. მის მიერ გაკეთებული განცხადებები ამას ადასტურებს:

 

„იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა იყო ჩემთან მოსული და ითხოვა, თუ არ ვცდები დაცვის სამსახურის უფროსად დანიშვნა. მე მას ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამას წყვეტს შს მინისტრი და ასეთ საკადრო საკითხებში მე არ ვერევი. თუ ის ამის გამოა განაწყენებული, მე ჩავთვლი, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა საჯაროდ“.

 

„სხვათა შორის, მან მერიაში ითხოვა, რომ დაფინანსებულიყო მისი ოჯახის წევრის მკურნალობა. თუ არ ვცდები, დედა ჰყავს ავად და სჭირდება მხარდაჭერა. ვიცი, რომ დოკუმენტაციის სრულყოფის კუთხით, რაღაც პრობლემები იყო. მე ამას ვაბრალებ, რაღაც პირად მოტივაციას“.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია, ზოგიერთისთვის არის პირადი გამორჩენის, ანგარების, ზოგ შემთხვევაში გამოძალვის, ზოგჯერ კი უწესო დავალების შესრულების საშუალება. მე ბევრი მეგობარი ჟურნალისტი მყავს და პატივს ვცემ მათ. ჩვენ გვყავს ელისო ჩაფიძე და ვიცი როგორი უნდა იყოს ჟურნალისტის ეთიკა, გვყავს პარლამენტში ირმა ნადირაშვილიც, რომლის სტილშიც მოვისმინე გუშინ ჯანაშიას განცხადება. არჩევანს ყველა თავად აკეთებს. თავად აყენებს შეურაცყოფას საკუთარ თავს და პროფესიას. ადამიანი როდესაც კარგავს ღირსების განცდას, ის იკადრებს ყველაფერს“.

 

„ეს ერთგვარი მეთოდია რითაც მავანნი ფულს ძალავდნენ საჯარო მოხელეებს. ბევრი რამ მალე უფრო გამოშკარავდება. საინტერესო ფაქტები შევიტყვე“.

 

ეკა ბესელია ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მას შემდეგ ერჩის, რაც ჟურნალისტმა დეპუტატის საქმიანობის შესახებ პრემიერ – მინისტრს კითხვა პირდაპირ ეთერში დაუსვა. გაბრაზებულმა პრემიერმა იქვე უპასუხა: „თუ დადასტურდა, რომ ბესელიამ მართლაც თქვა, თითქოს ფოთი მას ჩავაბარე, იგი პარტიიდან გაირიცხება“.

 

ელისო ჯანაშიას თქმით, ბესელიამ მის ძმას დასაქმება თავად შესთავაზა, დედამისმა კი კანონის დაცვით მიმართა მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებაზე, რაზედაც უარყოფითი პასუხი ბესელიას სატელევიზიო კომენტარიდან შეიტყო. 

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.

 

ამ განცხადებების მიუხედავად უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ჟურნალისტური გაერთიანებები და სახალხო დამცველის აპარატი „გატრუნულები“ არიან.

 

ზუსტად ასე იყო 2005 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო. საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა 2–ჯერ ამიფეთქეს, იარაღი მესროლეს... იყო სხვა ბრალდებებიც. მაშინ ლია მუხაშავრიას, დღევანდელი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა, მხარდაჭერა არავის გამოუთქვამს. უფლებადამცველები და ჟურნალისტები მაშინაც ელოდებოდნენ... ამ ლოდინში სადამდე მივედით, ვნახეთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახლაც ელოდებიან... ბესელიას ფაქტორიც მოქმედებს...