არჩევნები - ეთნიკური აზერბაიჯანელი ამომრჩევლების პრობლემები, დაპირებები და მოლოდინები

2016.10.07  |  12:35 ნურანა მამმადი
არჩევნები - ეთნიკური აზერბაიჯანელი ამომრჩევლების პრობლემები, დაპირებები და მოლოდინები

უმუშევრობა, სასმელი და სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირის და დენის  არარსებობა, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი, ქალთა დაუცველი უფლებები - საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დღეს ყველაზე მეტად ეს პრობლემები აწუხებთ.  

როგორ ესახებათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის ეთნიკურ აზერბაიჯანელ კანდიდატებს და რას ელის მათგან ამომრჩეველი?

 

 

ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი, კამრან მამედოვი  პროგრამაში - „საყოველთაო დაზღვევა“  შესატან ცვლილებაზე საუბრობს: „ამჟამად სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან მხოლოდ 500 000 ადამიანი  იღებს. ჩვენი გეგმით, დახმარებას 1 მლნ ადამიანი მიიღებს, პენსიას კი 180-დან  250 ლარამდე გავზრდით.“

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი  აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში უმუშევრობა და გადასახადები შემცირდება,  პენსია კი გაიზრდება: „სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება  და პენსია 50 ლარით გაიზრდება. ჩვენ ეს უკვე გათვლილი გვაქვს. პენსიის 50-ლარიანი ზრდისთვის ბიუჯეტიდან 420 მილიონი ლარი დაიხარჯება.“

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ბენიამინ კასიმოვი  აქცენტს აგრარული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებაზე აკეთებს: „ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. თუმცა, იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი აგროპროდუქტი ადგილობრივზე უფრო იაფია, მათ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა უჭირთ. მთავრობამ ზოგიერთ სეზონზე გარკვეული პროდუქციის შემოტანა უნდა აკრძალოს. ასეთი აკრძალვა საბაზრო ეკონომიკასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.“

 

ჩვენ მიერ გამოკითხულ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს დეპუტატების დაპირებების არ სჯერა. ნაილი ქოსაიევაც ერთ-ერთი მათგანია. ის დმანისის რაიონის სოფელ ორმეშენში ცხოვრობს და ამჟამად  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტია. ნაილი ამბობს, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობის ყოფას წყლის, დენის და გაზის არარსებობა ართულებს: „ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით ირჩენს. ადამიანები იძულებულები არიან სათბურებში გასათბობად ბუნებრივი აირი გამოიყენონ. ეს მათ პროდუქციას აძვირებს. ბევრ სოფელში დღემდე არ არის სასმელი და სარწყავი წყალი. გზებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ამ დროს კი კანდადატები მხოლოდ დაპირებებს იძლევიან. ჩვენ არ გვჯერა, რომ ისინი რამეს შეცვლიან. წინა არჩევნებზეც ბევრი დაპირება მოგვცეს, მაგრამ არაფერი შეასრულეს. დაპირებების შესრულებას მათგან არც ახლა ველოდოთ“.

 

 

დეპუტატებისგან ბევრს არაფერს ელის არც ელმედდინ მამმადოვი, რომელიც ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში ცხოვრობს. მას ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საზოგადოების ჩართულობის დაბალი დონე აწუხებს: „თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის თაობაზე ცენტრალური ხელისუფლებიდან იღებენ მითითებებს. ამის გამო ძალიან დიდი თანხა არამიზნობრივად და უაზროდ იხარჯება. საზოგადოების მონაწილეობა და შესაბამისად, მათი მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას საერთოდ არ ხდება. ხალხი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოყენებული კანდიდატებისგან არაფერს ელის. მათ არ აქვთ რეალური ძალაუფლება. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ, და არა იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ.“

 

 

პროფესიით ჟურნალისტი სადამ ალიევი ამბობს, რომ კანდიდატებს ყველაზე მეტად პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე საუბარი არ უყვართ: „ისინი არაფერს  ამბობენ იმაზე, თუ როგორ გადაჭრიან  იმ პრობლემებს, რაც ხალხს აწუხებს ანდა რა სახის საკანონმდებლო ინიციატივებს წამოაყენებენ მათ მოსაგვარებლად. უბრალოდ, გვპირდებიან რომ მათი არჩევის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება. ეთნიკური აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები არ არიან იმდენად ძლიერები, რომ რომელიმე  ისეთი დიდი პრობლემის გადაჭრა ხელეწიფებოდეთ, რაც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ მოსახლეობას აწუხებს.“

 

 

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 13,2% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, აქედან 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოში 233 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

 

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 73 ერთმანდატიან ოლქში 800–ზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საქართველოში 3 537 719 ამომრჩეველია.

 

 

„ქართულ ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ეთნიკური უმცირესობის  6  წარმომადგენელი ჰყავს, მათგან პირველი მე-19 ადგილზე,  „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 12, აქედან პირველი რიგით 26-ე ადგილზე.

 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობის 8 წარმომადგენელი მოხვდა. 2008-2012 წლებში მათი რაოდენობა 6 იყო, 2004-2008 წლებში – 12, ხოლო 1998-2004 წლებში - 16.

 

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.